Wednesday, March 4, 2015

ცოცხალი ისტორია -,,შეიძლება ვინმეს მოვწონვარ კიდეც, მაგრამ ჩემი სტატუსის გამო შეიძლება ხელი მკრან”

უფალს ვევედრები ის გრძნობა მომმადლოს რასაც სიყვარული ჰქვია. არ გეგონოთ სიყვარული არ შემეძლოს... პირიქით, შევიყვარებ იმას და მისთვის ვიცხოვრებ ვინც მიმიღებს ისეთს როგორიც ვარ.. როდესაც ქუჩაში გავივლი და შეყვარებულ წყვილებს ვუყურებ არ მშურს მათი. უბრალოდ, ჩემ თავს ვეკითხები: ნეტავ ეს ბედნიერება მეც თუ მეღირსებათქო... განსაკუთრებით მაშინ ვარ ემოციური, როცა წყვილები ბავშვთან ერთად სეირნობენ.. ვჩერდები და ვუყურებ თუ როგორ ტკბებიან ღმერთისგან მინიჭებული დიდი მადლით. ამ დროს არ შემიძლია ემოციის გარეშე დავტოვო იქაურობა და ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრები, რომ ბედნიერების და საყვარელ ადამიანთან ყოფნის ბედნიერება მომანიჭოს.
ჰო, მართლა - მიზეზი ჩემი ასეთი უბედობის არის სტატუსი: მე აივ იმფიცირებული ვარ. ამ მდგომარეობაში მყოფი ვის რაში ვჭირდები, ასეთს არავინ მიმიღებს... შეიძლება ვინმეს მოვწონვარ კიდეც, მაგრამ ჩემი სტატუსის გამო შეიძლება ხელი მკრან და კიდევ უფრო მეტკინება გული. ტყუილს კი არ ვიკადრებ. არადა გული სიყვარულს და ტკბილ ოჯახს ითხოვს.. დღე მე განწირული ვარ მარტოობისთვის. რა იქნება ხვალ? ეს არ ვიცი, იმედს არ ვკარგავ ბედი გამიღიმებს და ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც მიმიღებს ისეთს როგორიც ვარ....

Monday, February 2, 2015

გზა მსხვერპლიდან აქტიურ მოხალისეობამდე – ასოციაცია ჰერას XXI-ს თანადგომით შეცვლილი ისტორია

9 თვის ორსულს ხელი მკრა და კედელზე მიმარტყმევინა თავი...  თითქმის ყოველდღიურად მცემდა...  დალევასთან ერთად კაზინოში თამაში უყვარდა...  რამდენჯერმე დავტოვე და ბებიასთან წავედი საცხოვრებლად ... ყოველჯერზე მირეკავდა და მეც უკან ვბრუნდებოდი... ხალხის აზრის მეშინოდა არ ეთქვათ სუსტი ყოფაქცევის არის ქმართან არ ბრუნდებაო...  ასე შვიდი წელი გაგრძელდა...  ბეტონზე მარტყმევინებდა თავს...  მთელ სხეულზე  სილურჯეები მქონდა...  სახეზე სიგარეტი ჩამაწვა...  დანითაც დამჭრა...  ბოლოს ავდექი და წამოვედი... ” -ასე აღწერს თავის ცხოვრებას 25 წლის ნინო. თავიდან როდესაც ეს ისტორია წავიკითხე ვიფიქრე რეიტინგისთვის მოფიქრებული მორიგი ამბავიათქო. ბევრი საიტი ხომ ასე იკრებს მკითხველს, მაგრამ შემდეგ თვითონ ნინოც გავიცანი. ახლა ორი შვილის მარტოხელა დედაა. ყველაფერი რაც  ფურცელზე დაწერილ  ისტორიაშია,   მის თვალებშიც შეიძლება წაიკითხო.

ასოციაცია ჰერა XXI-ს თანამშრომლებმა მითხრეს ჩვენთან რომ მოვიდა ძალიან დამფრთხალი და შეშინებული იყოო. თუმცა ახლა სულ სხვანაირია.  არ გავს იმ ადამიანს, ვინც ამდენ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფას წლების მანძილზე უხმოდ იტანდა. ჰერა XXI_სთან რამდენიმე თვეა თანამშრომლობს. უკვე გაიარა გზა მსხვერპლიდან -უფლებების დამცველამდე. მიყვება რომ ახლა მისი წარსულის მქონე გოგონებს რჩევებს აძლევს.

”ჩემი ისტორია თუ წაიკითხე ალბათ უკვე იცი რომ 7 წელი დამცირებას და შეურაცყოფას ვითმენდი,  მხოლოდ იმიტომ რომ ხალხს არ ეთქვა ქმრისგან იმიტომ წამოვიდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი არისო. სტიგმას ვერ ვებრძოდი,  არც ვიცოდი როგორ უნდა მებრძოლა. მერე მეგობარმა ასოციაცია ჰერა XXI-ში მომიყვანა. უცებ შავ-თეთრი სამყაროდან ფერად გარემოში მოვხვდი. უფრო ადრე რომ მცოდნოდა მათზე შეიძლება ჩემი ცხოვრება დღეს სხვა გზით წასულიყო, მაგრამ ახლაც არ ვჩივი. 

მათი დახმარებით შევიტყვე, თუ რას ნიშნავს ადამიანის უფლებები, როგორ უნდა დავიცვა თავი და ვიბრძოლო ჩემი, როგორც ქალის უფლებების დასაცავად.  გავეცანი კანონებს და მომეცა საშუალება თავად ამერჩია ჩემი უფლებების რეალიზაციის გზა. ამას ადრე ვერასდროს წამოვიდგენდი. არ ვფლობდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისთვის უნდა მიმემართა როცა წლების მანძილზე ასე უხეშად ირღვეოდა ჩემი უფლებები.  შევიცვალე და შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. ახლა უკვე ვიცი, რომ მეტი ინფორმაციის მიღება მინდა, მინდა ვიყო ჩართული და აღვიდგინო დაკარგული დრო.

ასოციაცია ,,ჰერა-XXI”-მა მომცა საშუალება ცხოვრება ახალი ფურცლიდან დამეწყო, ამიყვანეს მოხალისედ და პერიოდულად ვასრულებ დაკისრებულ სამუშაოებს. ვსწავლობ, ვიზრდები... 

 დევნილთა საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ და იქ როგორც ასოციაციის მოხალისე საინფორმაციო–საგანმანათლებლო შეხვედრებს და დისკუსიებს ვმართავ, ჩემ თანატოლებთან გამოკითხვებ ვატარებ, ვცდილობ გავარკვიო რა მიზეზებით ხდება ადრეული ქორიწინებები. რის საფუძელზე იღებენ არასრულწლოვანები ასეთ სერიოზულ  გადაწყვეტილებებს. 

 პროცესში  ვხვდები ისეთებს ვისი აწმყოც ჩემი წარსულია. ვცდილობ ჩემი, ერთი მოქალაქის შესაძლებლობის ფარგლებში  მორალური დახმარება გავუწიო, მეტი ინფორმაცია მივაწოდო სწორ რეპროდუქციულ ქცევებთან დაკავშირებით. სხვა თუ ვერაფერს შევძლებ ჰერა XXI-ს გზას ვასწავლი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ იურიდიულ და მორალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ. ექიმი–რეპროდუქტოლოგის კვალიფიციურ და უფასო კონსულტაციას გაუწევენ. 

მეტი გაინტერესებთ?  მე ორი შვილს ვზრდი, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და დაპირებისა ყოფილ ქმართან დაბრუნებაზე იოტისოდენადაც აღარ ვფიქრობ,  თვითსტიგმა დიდიხანია დავამარცხე, ზუსტად ვიცი ჩემს შვილებს ნათელ მომავალს შევუქმნი, ჩემს ბიჭს  ქალის პატივისცემას აქედანვე ვასწავლი. ალბათ ოდესმე ჩემი პირადული ცხოვრებაც დალაგდება. ვფიქრობ  რაც ვიტანჯე ერთი ადამიანისთვის  საკმარისია. ჯერ 25 წლის ვარ და მჯერა ყველაფერი კარგი წინ მაქვს.  უკვე ვიცი, რომ სხვის ხელებს არ უნდა ვუყურო. თვითონაც შემიძლია თავი ვირჩინო და შვილები ვუზრუნველყო. ახლა ამისთვის მუდმივ სამსახურს ვეძებ.  მადლობა ჰერა XXI-ს, რომ მაშინ გამოჩნდა როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა”- ეს უკვე ნინოს სულ სხვა ისტორიაა.







Tuesday, January 27, 2015

ცოცხალი ისტორია

....


მოგესალმებით ,
მე ასე საჯაროდ იმიტომ ვწერ რომ მინდა საზოგადოებას უთხრა აც მე დამემართა და ამისთვის საყვარელმა ადამიანმა მიმატოვა მინდა საზოგადოებას უთხრა რომ ცოტა გულთბილები გახდნენ და გახდნენ მეტად   ინფორმირებულები. მე შორს არ წავალ და მოგიყვებით ცოტა ოდენ ჩემს ხოვრებაზე არ არის არსაიდან მონაგონი დედას და უფლისწინაშე სიტყვას ვიძლევი რომ არცერთი სიყვა არსაიდან მონაგონი არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეა და ძალიან მჭირდება თქვენი ხარდაჭერა და  დაწერეთ თქვენი მოსაზრება .
ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ამით დამეხმარებით დიდი მადლობას გიხდით მოსმენისთვისმოკლედ ასე დაიწყო. ისევ თენდება და ღამდება, ისევ მოდის გაზაფხლი, ზაფხლი, შემოდგომა და ზამთარი. ავდარს დარი მოსდევს და მზეც ანათებს... თუმცა 2 წელია ჩემთვის ყველაფერი ნაცრისფერია... განაჩენი აივ-ინფექცია... 2 წლის წინ ექიმის კაბინეტში გაჩერდა ცხოვრება და  ყველაფერმა აზრი დაკარგა. საბედისწერო აღმოჩნდა კბილის ექიმთან ვიზიტი, რამაც ჩემი ყოფა უფერული და ჯოჯოხეთი გახადა.... ვმკურნალობ და რისთვის? რა აზრი აქ ცხოვრებას, როდესაც არავის ვუნდივარ და ვენდომები. როცა საცოლემ გაიგო ჩემი მდგომარეობა წერტილი დაუსვა ყველაფერს. მაშინ კიდევ ერთხელ მოვკვდი... ვცადე სხვა გოგონასთვის მიმეძღვნა ცხოვრება, თუმცა მისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი აივ-სტატუსი და ისიც დამშორდა... ეჰ, უბედურს ქვა აღმართში მიეწიაო ნათქვამია-ბავშვობა სოფელში სიღატაკეში გავატარე, სკოლის ბანკეტზეც ვერ წავედი ჩასაცმელ-დასახური რომ არაფერი გამაჩნდა... ცხოვრებაში მიზანი გამიჩნდა დამეძლია სიღარიბე. ვშრომობდი და ოჯახიც დავაყენე ფეხზე. ვიფიქრე ამოვისუნთქე და ცოლსაც მოვიყვანთქო მაგრამ... მოხდა ის, რამაც ცხოვრება გააუფერულა და გამაუბედურა... ნუთუ აივ-ინფექცია ისეთი განაჩენია ყველასგან გარიყული რომ უნდა დავრჩე?... ჩემი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ყოფილმა შეყვარებულმა და ყოფილმა საცოლემ იციან. ვერ დავუმალავდი და ვერ მოვატყუებდი მათ, თუმცა მიმატოვეს და მაგდეს... ვნატრობ ისეთ გოგოს შემახვედროს უფალმა, რომელიც გამიგებს და მარტოობის განაჩენს არ გამომიტანს... ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ.... საშველი ნეტავ არსებობს?  ....................
უ.ბ



ცოცხალი ისტორია

გამარჯობა,მეგობრებო!

ჩვენი სანაცნობო წრე თანდათან ფართოვდება.მე ერთი ადამიანის ისტორიას მოგითხრობთ,რომელმაც თავად გამანდო თავისი ამბავი,თუმცა ბლოგზე შემოსვლა და დაწერა არ ისურვა და მე მომანდო ეს საქმე,რისთვისაც მე მას დიდ მადლობას ვუხდი... მისი ისტორია დაახლოებით ჰგავს სხვებისას.სიყვარულით გათხოვდა,შეეძინა ერთი ქალიშვილი,მაგრამ დედამთილთან დაძაბული ურთიერთობის გამო მალე მეუღლესთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა.ის ქალი სიცოცხლეს უმწარებდა.რამოდენიმეჯერ სახლიდანაც წავიდა,მაგრამ ქმრის სიყვარული უკან აბრუნებდა.თუმცა,ერთ დღესაც წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.მისი ოჯახური ცხოვრება სასამართლოში განქორწინებით დამთავრდა.ელენე ძალიან განიცდიდა მომხდარს,თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია და შვილისთვის მაინც გააგრძელა ცხოვრება.უმაღლესმა განათლებამ საშუალება მისცა,ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში დაეწყო მუშაობა.ფინანსურად თავი გაიმაგრა,გოგონაც კერძო სკოლაში მიაბარა,მაგრამ გულში ჩარჩენილი სიყვარული მოსვენებას არ აძლევდა.თავის მხრივ,არც ყოფილი მეუღლე ტოვებდა მარტო,ხშირად ჩნდებოდა მის ცხოვრებაში,მაგრამ მათი ყოველი შეხვედრა უარესი ჩხუბით მთავრდებოდა.ელენე ძალიან განიცდიდა ყოველივეს, ერთ დღეს ყოფილმა მეუღლემ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.ძალიან გამხდარი,ნაავადმყოფარი და დარდიანი მოეჩვენა ქალს კაცი.არც შემცდარა,როცა მამაკაცმა მას გაანდო,რომ თურმე აივ-ინფექციით იყო ავად და თანდართული ჰქონდა ტუბერკულოზიც.თავიდან ელენე შოკში ჩავარდა,არ იცოდა რა მოემოქმედა,მაგრამ საკუთარ თავზე მეტად მეუღლე შეეცოდა...ამის შემდეგ მისი ცხოვრება ნამდვილ კოშმარს დაემსგავსა,ყველაფერთან ერთად ამ დაავადებაზე ფიქრმა გათანგა,თანაც სასწრაფოდ დასჭირდა მკურნალობა,რაც ცოტა არ იყოს რთულად გადაიტანა.ყველაზე უბედურება ის იყო,რომ ვერავის უმხელდა საიდუმლოს და გულში იკლავდა ამდენ დარდს. ერთ დღეს პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე მისულ ელენეს ერთ-ერთი ინფიცირებული შეხვდა,რომელიც უკვე 15 წელი იყო ამ ვირუსს ატარებდა და ისე მშვენივრად გამოიყურებოდა.პირველად მაშინ მოეცა სიცოცხლის იმედი.ეს თავის ქმარყოფილსაც შეატყობინა.ამის შემდეგ მან უკვე ბევრი ინფიცირებული გაიცნო და მიხვდა,რომ ამ დაავადებით ჩვეულებრივ აგრძელებენ ადამიანები ცხოვრებას... მე მთელი ზაფხული აღარ მინახავს ელენე,არც თავად შემომხმიანებია.და ამასწინათ დამირეკა და ბედნიერმა მახარა,რომ თავის მეუღლეს შეურიგდა და უკვე მეორე შვილსაც ელოდებოდა.მე გულწრფელად გამიხარდა,რომ ეს ადამიანი ისევ ბედნიერი იყო და მომავალს აგრძელებდა.მას ყოველთვის ვატყობდი საუბარში,რომ თავდავიწყებით უყვარდა მეუღლე... ასეა მუდამ,ძლიერი სიყვარული ყოველთვის ამარცხებს პრობლემებს...გისურვებთ ყველას ლამაზ და ძლიერ სიყვარულს...


მ.ვ