Friday, December 12, 2014

ცოცხალი ისტორია

გამარჯობა,მეგობრებო!

თქვენს მსგავსად მეც ჩემი მეგობრის წყალობით მოვხვდი აქ,მანაც დადო თავისი ისტორია და მირჩია მეც ამის გაკეთება.ჩემს შესახებ რა გითხრათ,მანამდე,სანამ ეს დიაგნოზი დამესმებოდა,ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი.მყავს ოჯახი,ორი საქორწინო ვაჟი,ანუ მიხვდებით,რომ პატარა არ ვარ,50 წლის გახლავართ.ამას იმიტომ გიამბობთ,რომ ჩემს ასაკში ეს დიაგნოზი ძალიან რთულად მივიღე,რომ არა ინფექციურის ექიმები და ერთი ფსიქოლოგი,რომელიც მომამაგრეს,ნამდვალად გამიჭირდებოდა გადატანა. ყველაფერი ასე დაიწყო.წლების წინ მე აღმომაჩნდა ‘’ წითელი მგლურა’’.ვინც იცით ამის შესახებ რაიმე,გეცოდინებათ,რა ვერაგი დაავადებაა.წლებია ამაზე ვმკურნალობ და პერიოდულად ჩამოვდიოდი ხოლმე თბილისში მკურნალ ექიმთან გამოკვლევებზე.მგლურამ ბევრი რამ დამიზიანა ორგანიზმში,განსაკუთრებით მენჯ-ბარძაყის სახსრები,ისე რომ ბოლო წლებია ვკოჭლობდი და თან საშინელი ტკივილები მაწუხებდა.გადავწყვიტეთ ოპერაციის გაკეთება,სახსრის პროთეზირება მჭირდებოდა სასწრაფოდ.და აქ,ანალიზები რომ გამიკეთეს მაშინ გავიგე ჩემი ახალი დიაგნოზიც და გამაგზავნეს ინფექციურ საავადმყოფოში.ძლივს მივაღწიე იქამდე,გარშემო რა ხდებოდა არ მესმოდა,თავზარი მქონდა დაცემული.თან მარტო ვიყავი ჩამოსული თბილისში და ვინმეს რომ დავემშვიდებინე,ან დავლაპარაკებოდი უბრალოდ,ამისი ბედნიერებაც არ მქონია.ინფექციურში ხელახლა გამიკეთეს ანალიზები და ძალიან საშინელი შედეგები აჩვენა.მეგონა სადაცაა გული წამივიდოდა.ყველაზე მეტად ჩემი ქმრის ღალატი მიკლავდა გულს,რადგან გადაცემის ყველა სხვა გზა გამორიცხული იყო.ერთი სული მქონდა სახლში დავბრუნებულიყავი და მომეკლა.ძლივს ჩამოვედი კიბეებზე და შენობიდან გამოვლასლასდი.ვიღაცამ თბილად მკითხა,ქალბატონო ცუდად ხომ არ ხართო?ეს სიტყვები და გულამოსკვნილი ავქვითინდი.შემიყვანა კაბინეტში,ბევრი მელაპარაკა და იქიდან უკვე დამშვიდებული გამოვედი.ეს ღვთისნიერი ადამიანი ფსიქოლოგი აღმოჩნდა,რომელიც იქ მუშაობდა.ღმერთმა დალოცოს და გაახაროს იმისთვის,რაც ჩემთვის გააკეთა.დღემდე არ შემიწყვეტია მასთან ურთიერთობა. ამის შემდეგ ჩემი ოპერაციის საქმე ბევრჯერ გადაიდო.სანამ ჩემი იმუნური მაჩვენებლები ნორმაში არ ჩადგა.მერე მკურნალმა ექიმმა უარი მითხრა ოპერაციაზე,ვფიქრობ ჩემი ახალი დიაგნოზის გამო.ისევ ნაცნობი ფსიქოლოგი დამეხმარა და სხვა ექიმი მომაძებნინა.მერე ჩემი დაზღვევის საქმე გაჭიანურდა,რადგან რომ არა დაზღვევა,ოჯახი ვერ გაწვდებოდა ამ ოპერაციის საფასურს.ამასობაში წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა და ახლა,სულ ორი კვირის უკან გავიკეთე ოპერაცია.ახლა სახლში ვწევარ,ჯერ ადგომა არ შეიძლება და მე რადგან არაფერი მესმის კომპიუტერის,ჩემი დისშვილი მეხმარება ტექსტის დაწერაში.მას ყველაფერი ვუამბე და კიდევ ჩემს მულიშვილ გოგოს.ორივემ საყვედურები უთხრეს ჩემს ქმარს,მაგრამ ის მაინც არ ტყდება,რომ ღალატი აღიაროს,მიუხედავად იმისა,რომ ვიცი დღემდე მღალატობს,რადგან ბევრჯერ მისი სატელეფონო საუბრებიც მოვისმინე,სმს-ებიც ვნახე...გული მწყდება ძალიან,მაგრამ მე არ მაქვს ძალა,რამე შევცვალო.მადლიერი ვარ ყველა ექიმის და იმ ადამიანების,ვინც გვერდით მიდგანან დღემდე...და უფლის,რომ გადამარჩინა და დღეს ცოცხალი ვარ და ჩემი შვილების და საყვარელი ადამიანების გვერდით ვარ.რომ არა ოპერაცია,ალბათ ვერც გავიგებდი ჩემს დიაგნოზს და სულ მალე დავიღუპებოდი.მადლობა, ღმერთო ხელახლა დაბადებისთვის.ახლა უკვე ვიცი რომ ამ მკურნალობის წყალობით არაფერი დამემართება სასიკვდილო.მე მოგიწოდებთ თქვენ ყველას,რომ გამაგრდეთ და უფალს მიენდოთ...