Tuesday, November 25, 2014

დაარღვიე დუმილი! არ შეეგუო ძალადობას! ( ცოცხალი ისტორია )

ჩემი ისტორია იმდენად განსხვავდება სხვა ნამდვილი ამბებისგან, რომ შეიძლება იფიქროთ, ეს ყველაფერი არარეალურია და იგონებსო. მოგიყვებით და დამიჯერეთ, ეს სინამდვილეა. მე ვარ X, 25 წლის. 17 წლის ასაკში გავთხოვდი ერთ-ერთ სოფელში.(მეუღლე 20 წლის იყო). ვერ ვიტყვი სიგიჟემდე შემიყვარდა და მაგიტომ გავყევითქო,უბრალოდ მომეწონა და ვიფიქრე თუ გავყვებოდი უდედოდ გაზრდილი უკეთესად ვიქნებოდი. გათხოვება იმიტომ გადავწყვიტე, რომ  ჩემს ოჯახს ფინანსურად უჭირდა, გვქონდა მძიმე მატერიალური მდგომარეობა და მეგონა ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ ასეთ ჯოჯოხეთში მომიწევდა ცხოვრე.
როდესაც ყოფილმა მეღლემ თავის სახლში მიმიყვანა მისი ოჯახის წევრები თბილად დამხვდნენ. რამდენიმე თვის შემდემივხვდი, რომ დალევა უყვარდა და ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. იჩენდა გულგრილობას ჩემს მიმართ და ვხედავდი მიზეზს ეძედა, რათა ჩხუბი დაეწყო ჩემთვის. ერთ დღესაც მთვრალი მოვიდა სახლში და უმიზეზოდ დაიწყო გარშემო ყველაფრის დალეწვა, ვცდილობდი გამეჩერებინა. ვკითხე მიზეზი და მიპასუხა ეგრე მინდა და მაგიტომ ვამტვრევო. 9 თვის ორსული ვიყავი და პატარა ბიჭუნას ველოდებოდი, როცა მამამისთან შელაპარაკება მოუვიდა და დანით გაეკიდა, შუაში ჩავუდექი, ვიფიქრე მომერიდება და გაჩერდებამეთქი, მაგრამ პირიქით ხელი მკრა და კედელს მიმარტყმევინა თავი. ცუდაგავხდი, შეეშინდა და შემპირდა ასე აღარ მოგექცევიო. მალე ბიჭი მეყოლა. გარკვეული დრო კარგად მექცეოდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაიწყო ჩემი უმიზეზოდ, თითქმის ყოველდღიური ცემა. დალევასთან ერთად კაზინოში თამაშიც უყვარდა და ბევრ ფულს აგებდა. სახლში არაფერი მოჰქონდა. ბევრს ვითმენდი. რამოდენიმეჯერ დავტოვე და ბებიასთან წავედი საცხოვრებლად, თუმცა ყოველ ჯერზე მირეკავდა, მეხვეწებოდა, დაბრუნებას მთხოვდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. ასე გრძელდებოდა 7 წლის განმავლობაში. ერთად ყოფნის ბოლო პერიოდში ისეთი ცემა დამიწყო, თავს ბეტონზე მარტყმევინებდა, მთელ სხეულზე სილურჯეები მქონდა, სიგარეტიც კი ჩამწვა სახეზე. მირტყადა ყველაფერს, რაც ხელ მოხვდებოდა. ეს ყველაფერი არავისთვის მითქვამს. ყველას ვუმალავდი და ამის გამო უფრო გათამამდა. ერთ დღესაც ისე მცემა სულ მუცელში მირტყა ფეხები, ცუდაგავხდი და ექიმთან წავედი. გავიგე, რომ 4 თვის ორსული ვიყავი, შემეშინდა ავადმყოფი ბავშვი არ მყოლოდა. აბორტის გაკეთება მინდოდა, მაგრამ დაგვიანებული იყო. სანამ ბავშვი არ გავაჩინე ხელს ღა მაკარებდა. 5 თვის შემდეგ გოგო მეყოლა, ღვთის წყალობით ჯანმრთელი. გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო უკვე ბავშვებისაც არ ერიდებოდა და აწიოკებდა. ყველაფერს საბოლოო წერტილი  მაშინ დავუსვი , როცა მთვრალი დანით დამედევნა და ფეხის არეში ღრმა ჭრილობა მომაყენა. სასწრაფოს არ გამოვუძახე, შემეშინდა არ დაიჭირონმეთქი. ვეღარ გავუძელი, მოვკიდე ბავშვებს ხელი და ბებიასთან წამოვედი.
7 წელი ჯოჯოხეთში ვიცხოვრე და ახლა იმის იმედით ვცოცხლობ, რომ კარგად იქნები ჩემს შვილებთან ერთად. ჩემი დუმილი განპირობებული იყო შიშით, რომ ბავშვების მამას დაიჭერდნენ, შიშით რომ საზოგადოება არ მიმიღებდა ოჯახიდან წამოსულ ქალს, გამკიცხავდნენ და მსუბუქი ყოფაქცევის ქალად შემრაცხავდნენ. შემეშინდა, რომ გავხდებოდი საზოგადოოებრივი სტიგმის მსხვერპლი.
მაგრამ ერთ დღესაც დუმილი დავარღვიე და მოვედი იქ, სადაც დამხვდა მეგობრული გარემო. მომისმინეს, დამეხმარნენ და  დამიბრუნეს მომავლის რწმენა.  გამიჩნდა იმედი და ახლა ზუსტად ვიცი, რომ მარტო არ ვარ.  სწორედ ასოციაცია“ჰერა-XXI”-ში მოსვლის შემდეგ გადავწყვიტე დამეწერა ეს ჩემი ისტორია და გამეზიარებინა თქვენთვის.
მე დღეს უკვე მაქვს მომავლის იმედი!! იმედი იმის, რომ მექნება სახლი, ვიმუშავებ და შევძლებ ჩემი შვილებისთვის ნათელი მომავლის შექმნას!
თქვენ, ვინც ახლა ამას კითხულობთ მოგიწოდებთ რომ არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, გაძლიერდეთ და ხმა ამოიღოთ, ისაუბროთ თქვენს პრობლემებზე, თქვენ მარტონი არ ხართ !!


No comments:

Post a Comment