Wednesday, March 13, 2013

რეალური ისტორია

მე აივ ინფიცირებული ვარ, ეს დიაგნოზი 2010 წლის მარტში დამისვეს. კარგად მესმოდა რას ნიშნავდა ეს დიაგნოზი, მაშინ უკვე 20 წლის ვიყავი.

საშინელი 6 თვე, დეპრესიული დღეები, ღამეები დაკარგული მომვალის იმედი და შიში რომ საზოგადოება გაგრიყავს, კიდევ ბევრი რამ. . . ყველაფერი ერთად მიტრიალებდა თავში.

საბედნიეროდ დღესდღეობით პირველადი ფსიქოლოგიური პრობლემები გადავლახე. რა დამეხმარა? საკუთარი ხასიათი. ჩვეულებრივ რიტმში ჩავჯექი, ვსწავლობ, ვერთობი როგორც სხვა დანარჩენი ახალგაზდები და დარწმუნებული ვარ რომ წინ ბევრი საინტერესო რამ მელოდება ცხოვრებაში. ყოველ დღე იმ იმედით ვიღვიძებ რომ ადრე თუ გვიან ამ ინფექციის წამალს გამოიგონებენ. დღევანდელი მედიცინის მიღწევებს თუ
გავითვალისწინებთ, მგონი ეს არც თუ შორეულ მომავალში იქნება.

სამწუხაროდ აივ ინფექციისა და ინფიცირებულების მიმართ დამახინჯებული წარმოდგენა არსებობს. ძალიან ხშირად მომისმენია დამცინავი და უარყოფითი ფრაზები ინფიცირებულების მიმართ, ხშირად ისეთ გარემოში, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი, ბიოეთიკის ლექციაზე, მომავალი ექიმებისგან ა. შ. ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი დამოკიდებულება, ეს ხომ ერთერთი ქრონიკული დაავადებაა? თანაც ყველაზე ცუდი ისაა რომ ასეთ შემთხვევებში პირდაპირმა დაპირისპირებამ შეიძლება რეალურად ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდოს ადამიანი, ამიტომ ვფიქრობ, რომ აუციებელია სტრუქტურები, ჯგუფები რომლებიც იმუშავებენ არსებული სტიგმისა და
დისკრიმინაციის შემცირებაზე, და პირველ რიგში ადამიანების დამოკიდებულების შეცვლას მოახერხებენ.

კონკრეტულად ჩემ მიმართ დისკრიმინაციის ფაქტები არ ყოფილა, რადგან ჩემი ჯანმრთელობის სტატუსის შესახებ მხოლოდ უახლოესმა მეგობრებმა იციან. ასე თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ. ამჟამად, აქტიურად ვარ ჩართული აივ ინფიცირებულების საადვოკაციო გჯუფის საქმიანობაში. მე მუდამ ხელს შევუწყობ
ინფიცირებულების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებას.

Tuesday, March 12, 2013

თანამშრომლობა Peace Corps -თან

"ჯანმრთელი ქალები ზეიმობენ"

ასოციაცია ჰერა XXI-მა მეორედ მიიღო მონაწილეობა Peace Corps-ის ყოველწლიურ ღონისძიებაში ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე. 2011 წლის 28 მაისს ქალაქ ოზურგეთში ჩატარებულ იქნა ღონისძიება „ჯანმრთელი ქალები ზეიმობენ“, რომელიც ეძღვნებოდა ქალების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. ასოციაცია ჰერა XXI-ის კონსულტანტმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თემა რეპროდუქციული ჯანმრთელობა საქართველოში, რომელიც მოიცავდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის უკანასკნელ სტატისტიკურ მაჩვენებლებსა და ტენდენციებს, აგრეთვე სახელმწიფო სტრატეგიებს. გარდა ამისა სესიის დროს ნაჩვენები იყო ასოციაციის ფილმები მამაკაცის ჩართვა რეპროდუქიულ ჯანმრთელობაში, აივ/შიდსის სტიგმა დისკრიმინაციისა
და ახალგაზრდულ-მეგობრულ მომსახურების თემებზე.



"მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად"

2011 წლის 2 ივლისს თბილისში კუს ტბაზე უკვე მესამედ შეიკრიბა 3 000 ზე მეტი ადამიანი და ჩატარდა მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად - ყველაზე წარმატებული ღონისძიება, რომელიც ემსახურება ძუძუს კიბოს შესახებ განათლებასა და ამ დაავადებასთან საბრძოლველად ფონდების მოძიებას საქართველოში. ღონისძიებას მხარდამჭერთა რანგში ესწრებოდნენ: საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საქართველოს პარლამენტის წევრები და საზოგადოების ცნობილი პირები. აქციის მხარდამჭერ კონცერტში მონაწილეობდნენ პოპულარული ქართველი მომღერლები. ასოციაცია ჰერა XXI ღონისძიებაზე მიწვეული იყო ერთერთი ორგანიზატორის  Peace Corps-ის მიერ და მისმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა აქტიური მონაწილეობა მიიღო მარათონში.


“GLOW - Girls Leading Our World”

Peace Corps-ის ინიციატივის GLOW - Girls Leading Our World”-ის ფარგლებში კახეთის სოფელ აპენში ჩატარდა 


საინფორმაციო სესია 13-16 წლის გოგონებთან თემაზე: რეპროდუქცია, რეპროდუცაიული ფულებები, ოჯახის 
დაგეგმვა და სგგდ. საინფორმაციო სესიაზე მიწვეული იქნა ასოციაცია ჰერა XXI-ის თანასწორ განმანათლებელი 
და ამავდოულად საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის საბჭოს წევრი, დიანა ჭიაურელი. საინფორმაციო 
სესიამ მეტად მეგობრულ გარემოში წარიმარათა, და დიდი მოწონება დაიმსახურა მონაწილეებს შორის.

პროექტის „ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება: ბებიაქალების ცოდნისა და უნარების განახლება საქართველოში” დასკვნითი კონფერენცია

საქართველოს არასამთავრობო ასოციაცია ჰერა-XXI, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ETC– Crystal-ის მიერ ჩატარდა, პროექტის „ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება: ბებიაქალების ცოდნისა და უნარების განახლება საქართველოში” დასკვნითი კონფერენცია, სადაც შეჯამდა პროექტის შედეგები. სამ წლიანი პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საქართველოს ბებიაქალთა ასოციაცია (სბა), რომელიც აერთიანებს 300 ბებიაქალს მთელი საქართველოს მასშტაბით; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე როტერდამის ბებიაქალთა აკადემიის (RUM) მხარდაჭერით მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბებიაქალთა საგანმანთლებლო პროგრამა; 2010-2011 სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ახალი ფაკულტეტით შეხვდა: ეროვნული გამოცდების საფუძველზე ახალშექმნილ ფაკულტეტზე ბებიაქალთა ახალი თაობის 11 სტუდენტი ჩაირიცხა. 2009-2010 წლებში, როტერდამის ბებიაქალთა აკადემიის მიერ, მომზადდა 10 სერთიფიცირებული ტუტორი ბებიაქალი. პროექტს დადებითი შეფასება და გამოხმაურება მოჰყვა მოწვეული სტუმრებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს პარლამენტს; სამინისტროებს; ეროვნული რეპროდუქციულ საბჭოს; ასოციაცია ჰერა XXI-ის დონორ საელჩოებს; საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებს და სამშობიარო სახლების გენერალურ დირექტორებს.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

საქართველო უკვე რამოდენიმე წელია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, ყოველი წლის მაისის მესამე კვირა დღეს, აღნიშნავს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართა შიდსით გარდაცვლილთა
მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: ასოციაცია `ჰერა XXI”; ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი; საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი `თანადგომა”; წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამსახური; იმერეთის პრობაციის ბიურო; ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და `მაკდონალდსი”. სტუდენტების მონაწილეობით მოეწყო ნახატებისა და ფოტონამუშევრების გამოფენა; ვიქტორინა შიდსის თემატიკაზე, ასოციაცია `ჰერა XXI”-ის ქუთაისის ფილიალის წევრებმა დაარიგეს თემატური ბროშურები, ფლაერები და კალენდრები. შეხვედრის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეეებს გადაეცათ სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები. ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა ტელეკომპანიებმა: `რიონი”, `მეგა” და რადიო `ძველი ქალაქი”.

მე ვარ ასოციაცია ჰერა XXI-ის მოხალისე, ვხედავ სამყაროს და საკუთარ თავს ამ სამყაროში!

    ვარ მოხალისე და თანასწორგანმანათლებელი. 2009 წლიდან აივ ინფიცირებულთა საადვოკაციო           საინიციატივო ჯგუფის წევრი. ჰერა XXI-ში საქმიანობამ ხელი შეუწყო ჩემს სოციალიზაციას,             მომცა შესაძლებლობა გავცნობოდი და მემუშავა მსოფლიოში აქტუალურ პრობლემებზე. ჩემთვის          ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ის
 ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ვიღებ სხვადასხვა ღონისძიებებში და ტრენინგებში მონაწილეობით, არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. იყო მოხალისე ნიშნავს სრულად გქონდეს გააზრებული ასოციაციის არსი, პრინციპები, ამოცანები, მიზნები და ეთანხმებოდე მათ; იყო მოტივირებული და აქტიური. მე, როგორც მომავალი ექიმი, თავს ვალდებულად ვთვლი მცირედი წვლილი შევიტანო რეპროდუქციული ჯანმრთელობის და აივ ინფექციასთან დაკავშირებული სერვისების ინტეგრირებაში და აივთან დაკავშირებული სტიგმა დისკრიმინაციის
შემცირებაში. აუცილებელია თითოეული ადამიანის, როგორც მსოფლიო საზოგადოების
წევრის, სწორად ინფორმირება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და
უფლებების შესახებ, რადგან პრობლემის არსის შეცნობა არის მთავარი მის მოსაგვარებლად.


თუ ხარ მოხალისე შენ შეგიძლია თავისუფალი დრო დახარჯო საინტერესოდ და ნაყოფიერად, გაიღრმავო და განავითარო შენი შესაძლებლობები, დააგროვო ცოდნა და შეიძინო გამოცდილება, მიიღო აუცილებელი და სანდო ინფორმაცია სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, შეიძინო მეგობრები არამარტო ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, დაინახო სამყარო სხვა თვალით და გქონდეს საკუთარი თავის იმედი, იყო ამაყი, რადგან ხარ იმ ორგანიზმის ნაწილი, რომელიც მთელ მსოფლიოში აქტუალურ პრობლემებზე მუშაობს და ხალხს ეხმარება.